თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სურს, რომ ომი უკრაინაში დასრულდეს და ამისთვის უკვე ბევრი რამ გააკეთა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, ამერიკელმა ლიდერმა ამ საქმეში საკმაოდ დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო.

რუბიომ დასძინა, რომ ცალკეულ საკითხებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ტრამპი მთლიანობაში იმედგაცრუებულია. „მას უბრალოდ არ ესმის, როგორ ვერ ახერხებს ორი ქვეყანა ასეთი სასტიკი, საშინელი და სისხლიანი ომის პირობებში შეთანხმებას მის დასასრულებლად... სტივი (ვიტკოფი - რედ.) არ ვიცი რამდენჯერ იმოგზაურა საკუთარი ხარჯებით მთელ მსოფლიოში, რათა ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა. ამიტომ, გვყავს ბევრი ადამიანი, ვინც უდიდესი ძალისხმევა ჩადო და ვფიქრობ, მივაღწიეთ პროგრესს განსახილველი საკითხების შემცირების კუთხით, თუმცა ზოგიერთი თემა, სამწუხაროდ, რჩება კვლავ რთულად“, - ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ტერიტორიული საკითხი არ გადაწყდება. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელები მიისწრაფვიან ომის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებისკენ.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება ამ ომის შესაჩერებლად და ტერიტორიების საკითხში. ეს რთულია - ეს არის ის, რაც გვაქვს. ჩვენს შორის ახალი არაფერია. ისინი შეეცდებიან საუბარს ხვალ და ვფიქრობ, ისაუბრებენ მარტის პირველ დღეებში სამმხრივ დონეზე. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება“, - თქვა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა წინ მიიწევს და უახლოვდება მომენტს, როდესაც ყველა მხარეს მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.

„ასეთი ომები თავისთავად არ სრულდება. ისინი ან სამართლიანი გადაწყვეტით სრულდება, ან აუცილებლად ბრუნდება კიდევ უფრო მასშტაბური და საშიში ფორმით“, - დასძინა ბუდანოვმა.