თბილისი (GBC) - ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და მათ „უფასურს“ უწოდებს. ტელეარხის განმარტებით, მათთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა, რის საფუძველზეც წლებია ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ.

განცხადებაში ტელეკომპანია 2007 წლის მოვლენებს იხსენებს და ბრიტანეთის ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. „იმედის“ მტკიცებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა და ტელევიზიაში სპეცრაზმი შეიჭრა, ლონდონს „ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუხატავს“ და კვლავ აგრძელებდა იმდროინდელი ხელისუფლების მხარდაჭერას.

„ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოსა და სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"იმედი" აღნიშნავს, რომ ისინი მომავალშიც მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედებენ საზოგადოების წინაშე.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით დაუწესა.

სანქციების პაკეტი აქტივების გაყინვას, ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

ბრიტანული მხარის განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები განზრახ ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.