თბილისი (GBC) - საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიის შეკავების აუცილებლობას უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ელჩის განცხადებით, საქართველომ, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი.

კურტომ აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერია და ეს დახმარება კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. მისივე თქმით, პარტნიორებთან ერთად იქმნება „მსურველთა კოალიცია“ და ინოვაციური უსაფრთხოების მოდელი, რომლის მიზანიც საქართველოს ევროპულ უსაფრთხოების სისტემასთან მიერთებაა. „ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.

სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას, ოლივიე კურტომ გამოიყენა მეტაფორა და აღნიშნა, რომ არსებული „ბზარები და ხვრელები“ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სისტემატურად უნდა შეივსოს. ელჩის თქმით, რუსეთის ომის მანქანის დასუსტება მხოლოდ კოლექტიური და გრძელვადიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი, რაშიც საქართველოც მონაწილეობს.

„საქართველო ნამდვილად თანამშრომლობს ყველა დასავლურ ქვეყანასთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მცდელობაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა აღმოვფხვრათ ხვრელები, თუ ისინი არსებობს“, - აღნიშნა ოლივიე კურტომ და დასძინა, რომ ამ პროცესში სიმშვიდისა და ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო.

ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იქნება ამ კოლექტიურ ძალისხმევაში, რადგან საქმე საერთო ევროპულ უსაფრთხოებას ეხება.