თბილისი (GBC) - "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 12 მარტს, ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის სენატის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ სადაც წერია, რომ არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.

სენატის კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას რეკომენდაციას უწევს, მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, ამას გარდა, გააფართოოს იმ პირების სია, რომლებზეც ინდივიდუალური სანქციები გავრცელდება.

რეზოლუციაში საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელმაც კულმინაციას მიაღწია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდა. ხოლო ვინც მივიდა არჩევნებზე, მას არ მიეცა კონფიდენციალურად არჩევანის გაკეთების საშუალება, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ზეწოლას და დაშინებას.

რეზოლუციის თანახმად, საარჩევნო დაპირების მიუხედავად, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობდა, 28 ნოემბერს ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ოთხი წლით აჩერებდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება, რაც არა მხოლოდ საარჩევნო დაპირების უგულებელყოფა, არამედ კონსტიტუციური ვალდებულებების შეუსრულებლობაც არის. ამას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას და ევროკავშირთან თანამშრომლობის გადახედვას ითხოვენ.

რეზოლუციაში ასევე წერია, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით გადაწყვიტა გაემართა დამფუძნებელი სხდომა, აირჩიეს თავმჯდომარე და სხვა ორგანოები და პრეზიდენტის არჩევნებსაც შეუდგნენ, რამაც პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისად აქცია.

სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატს მიმართავს რეკომენდაციით, განიხილოს და მიიღოს წინამდებარე რეზოლუცია.