თბილისი (GBC) - „ქართული ოცნებამ” III მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლითაც ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პარლამენტის 83-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ არ ყოფილა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ჩამოყალიბდება კულტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე და თანამშრომლები და ისინი უკონკურსოდ გადავლენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე (შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა და სტატუსის შენარჩუნებით).

ამისთვის მათ 7 მარტამდე წერილობით უნდა გამოხატონ შესაბამისი თანხმობა.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ბიბლიოთეკის პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანა ხდება იმის გამო, რომ მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი“ და შესაბამისად, ხდება ამის მოწესრიგება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ამასთან ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „მიზანშეწონილია, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით“.

შალვა პაპუაშვილის თქმით: „ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად დაკავშირებულია პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად – კულტურის სამინისტროსთან. პარლამენტთან მისი სამართლებრივი კავშირი ბუნდოვანია, რადგან ის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული არ არის, აქვს ცალკე სახაზინო კოდი, თუმცა, მაინც პარლამენტის ნაწილია. გარკვეული ჰიბრიდია, რომელიც ასეთი სახით ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს.

ასეთ სტრუქტურის შექმნას თავისი პრეისტორია აქვს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა, თუმცა პარლამენტის ბიბლიოთეკა და აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა არსობრივად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავდება.

ცვლილებები ეხება ჰერალდიკის საბჭოსაც. პაპუაშვილის თქმით, მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სიმბოლიკების დეპარტამენტი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპარტამენტი მთავრობის კოორდინაციის ქვეშ მოექცევა – მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამაც გააკეთა სადაც ვკითხულობთ: "ცვლილება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც განისაზღვრება დაწესებულება, რომელსაც დაექვემდებარება ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალში. აქამდე ეს იყო საქართველოს პარლამენტი, მიმდინარე წლის მარტიდან კი ეს იქნება საქართველოს კულტურის სამინისტრო".