თბილისი (GBC) - ბრიუსელი მკაცრ პოზიციას აფიქსირებს „ქართული ოცნების“ გეგმაზე, რომელიც გრანტების მიღებას მთავრობის ნებართვაზე დამოკიდებულს ხდის. ევროკომისარი მარტა კოსი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებენ, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება და არ გამორიცხავენ საპასუხო ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს საფრთხეს უქმნის.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს. საქმე ეხება „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით გაიცემა.

მარტა კოსი: „ეს აბსურდი უნდა შეწყდეს“

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, პირდაპირ განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერს მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს.

„ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს“, - აღნიშნა კოსმა. მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერას და მათ გამძლეობისკენ მოუწოდა.

კაია კალასი საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი კი ვარაუდობს, რომ მინისტრები აღნიშნულ საკითხს საგარეო საბჭოზე აქტიურად განიხილავენ. მისი თქმით, ევროკავშირი ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების მხარდაჭერას განაგრძობს.

„ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას (რეპრესიულ ზომებს) ახორციელებს“, - განაცხადა კალასმა.

რას გეგმავს „ქართული ოცნება“?

მმართველი პარტიის ინიციატივით, ის რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.