თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2020-2025 წლებში, ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია. 

რაოდენობრივი კუთხით, 2020-2024 წლებში ნაერთმა საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 66% შეადგინა. ასევე, პოზიტიურია 2025 წლის 10 თვის პერიოდში დაფიქსირებული დინამიკა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან 38%-იან ზრდაზე მიუთითებს.  ღირებულებით ნაწილში კი, 2021-2024 წლებში ნაერთმა წლიურმა ზრდის მაჩვენებელმა 62 % შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 59%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ასევე მოცვის საშუალო ღირებულების ზრდაზე მიუთითებს.

ამასთან, 2020-2022 წლებში შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებული იყო, ხოლო 2023-2025 წლებში ზომიერად კონცენტრირებული. ბაზარზე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილის ზრდის მიუხედავად, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელ საბაზრო წილების გადანაწილებას.

ასევე, 2020-2021 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა. შესწავლის პერიოდში, ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი კომპანია რამდენჯერმე შეიცვალა, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის შემადგენლობაც;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, სააგენტო 2020-2025 (იანვარ-ოქტომბრის პერიოდი) წლებში შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.

ქვეყანაში მოყვანილი მოცვის რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია საექსპორტო ბაზრებზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს წარმოადგენენ ექსპორტიორი კომპანიები. GCCA-მა მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ფერმერთა მომართვის საფუძველზე, 2020 წელს დაიწყო.