თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტმა ტურიზმის 4Q25 შეაჯამა და წერს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 8.3%-იან ზრდას ასახავს. ზრდის ძირითადი წყარო ტურისტები იყვნენ, რომელთა რაოდენობა 10.5%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 0.5%-ით გაიზარდა 0.3 მლნ-მდე.
საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ნაკადების მკვეთრი ზრდით ისრაელიდან, მეზობელი ქვეყნებიდან - განსაკუთრებით რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ჩინეთიდან. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ინდოეთიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა: მეოთხე კვარტალში წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა, მაშინ როდესაც წლის პირველ ნახევარში 31.4% იყო. აღნიშნული დინამიკა შესაძლოა ასახავდეს უფრო მცირე რაოდენობის, თუმცა შედარებით მაღალმხარჯველ ვიზიტორთა სეგმენტზე გადასვლას.
ჯამურად, 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.9 მლნ შეადგინა (+6.2% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 5.5 მლნ (+8.4% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 1.3 მლნ (-2.2% წ/წ) იყო.
შემოსავლები ტურიზმიდან
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4Q25-ში 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-იანი ზრდაა. ზრდის მთავარი წყარო ისრაელი იყო (+37% წ/წ), შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები (+26.6% წ/წ), მეზობელი ქვეყნები გარდა რუსეთისა (+17.8% წ/წ) და აზიური ბაზრები.
საინვესტიციო კომპანიის კვლევის თანახმად, აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა ზრდის მიუხედავად, შემოსავლები წლიურად 23.7%-ით შემცირდა მე-4 კვარტალში. ხოლო, ირანიდან ვიზიტორთა კლების მიუხედავად, შემოსავლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (-1.2% წ/წ).
საერთო ჯამში, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის პროგნოზი
გალტ&თაგარტის შეფასებით, 2026 წელს ტურისტების რაოდენობა 6.1 მლნ-ს მიაღწევს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი $5 მლრდ-მდე გაიზრდება.