თბილისი (GBC) - რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლის გაუქმებას.

"უნგრეთი და სლოვაკეთი არ დაუჭერენ მხარს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა არსებობს", - წერს იოზვიაკი.

14 იანვარს, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს ევროკომისიის ინიციატივას დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.

„ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა და დასძინა, რომ „ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან“.

საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ განმარტავს, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა 2024 წლის 20 დეკემბერს განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება.

მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა.

დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.

ამ სიაში არიან:

  • უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - მეუღლეებითურთ;
  • უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები;
  • უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის 50-მდე თანამშრომელი;
  • მინისტრები და პარლამენტარები;
  • გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
  • კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს რამდენიმე იერარქი;
  • სახალხო დამცველი...