თბილისი (GBC) - ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ძლიერი ხანძარია, რის გამოც არხმა პირდაპირი მაუწყებლობა სრულად შეწყვიტა. ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს:
„ფორმულას“ შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო“, - წერს ჟიჟილაშვილი.
მანამდე „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ ეთერი პირდაპირ რეჟიმში შეაჩერა. „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა მან ეთერის გათიშვამდე.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, სადაც ტელეკომპანია ოპერირებს. თავად „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ დროისთვის თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.
დელისის მეტროს მიმდებარედ, ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
