თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters ორშაბათს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის მხარდაჭერის დონით უკმაყოფილება გამოხატა".

სააგენტოს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოსკოვში ვიზიტისას პუტინს პირადად გადასცა აიათოლა ალი ხამენეის წერილი.

„ირანი ჯერჯერობით უკმაყოფილოა რუსეთის მხარდაჭერით და სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს ქვეყნის მხარდაჭერისთვის ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ“, – წერს Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის წერილის შინაარსს იცნობს.

კრემლის პრესსამსახურმა პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პუტინმა დაგმო აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და უსაფუძვლო აგრესიად შეაფასა.

პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა, თეირანს დაეხმაროს.

„ჩვენ ირანთან დიდი ხნის, კარგი და სანდო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა პუტინმა.