თბილისი (GBC) - მოსამართლე ზვიად შარაძემ ორშაბათის სხდომაზე „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მანამდე, ამ საქმეზე, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

დღეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც - მას 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ხვალ, 24 ივნისს გიორგი ვაშაძის განაჩენის გამოცხადებაა მოსალოდნელი. 27 ივნისს გამოცხადდება გივი თარგამაძის განაჩენი. სასამართლო განიხილავს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებსაც.