თბილისი (GBC) – შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორშაბათს განაცხადა, რომ 20 ივნისის წინა პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა "რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა".
გიორგი გახარიას თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა ისიც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ვერც ერთ იმ პირთან ვერ გავიდა კონტაქტზე, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე და პროცესების შესაძლო განვითარებაზე აიღო პასუხისმგებლობა.
„ეს 10 თუ 12 კაცი იყო, ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე.
თქვენ კი იძახით ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?! ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო“, - განაცხადა გახარიამ.
2019 წლის 20 ივნისის დილას საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა.
ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.
22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.
იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა - გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა - თვალი დაკარგა.