თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილს"-თან უკვე არაერთი ქართული კომპანია თანამშრომლობს ძალიან მსხვილი პროექტებით. ნადარეიშვილის მტკიცებით, „იგლ ჰილს"-ის პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების კუთხით - სამშენებლო პერიოდში დაახლოებით 24 000, შემდგომ კი 8 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება".
„ჩვენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ამ ხალხთან, რადგან ისინი დღეს ამ პროექტის განვითარებით არიან დაკავებული. მათ შორის, აღვნიშნავ გენგეგმას, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია - მასზე მომუშავე კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებენ ასეთი დონის კომპანიასთან მუშაობით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის" პოლიტიკას ამ კუთხით - ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, მაქსიმალურ აქცენტს აკეთებს ადგილობრივ მიმწოდებლებზე, სხვადასხვა სერვისები იქნება ეს, თუ მშენებლობა, მასალები და ა.შ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორსა და იმ დადებით ეფექტზე, რასაც „იგლ ჰილსის" პროექტი მოიტანს დარგისთვის. მისი შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნის პროცესში.
„წინასწარი პროგნოზირებით, გადასახადები და შემოსავალი, რაც კომპანიას ექნება პარტნიორობიდან გამომდინარე, დაახლოებით 700 მლნ ლარი იქნება. ეს არის დამატებითი ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურაში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში და სხვა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„ქართული ოცნებამ“ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.
როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს „იგლ ჰილს საქართველოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ მოიწონა.