თბილისი (GBC) - 6 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ პრესკონფერენცია გერმანიის საელჩოში გამართა. მანამდე ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან, საიდანაც კოლეგებს მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. "საქართველოს მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და იმ ცხრა ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, უნდა დაემატოს მეათე - რუსული კანონის გაუქმება", - თქვა ნილს შმიდმა, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა.

მისი თქმით, ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით საქართველოში და მისი ევროპული მომავლის ბედით.

"ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი - პირველია ის, რომ ჩვენ ველით, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები დემოკრატიისა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია რა გზით წავიდეს და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს", - განაცხადა ნილს შმიდმა.

შმიდმა მოუწოდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. მისი თქმით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან იმას, თუ როგორ ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები.

"მეორე გზავნილი შემდეგია, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამის შესახებ ნათლად განაცხადა ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროცესის გადაწყვეტისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, ჩვენი პარტიები წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის უდიდეს უმრავლესობას, ახლანდელი პოლიტიკის ფონზე საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. ყველამ იცის ის 9 ნაბიჯი რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ მეათე ნაბიჯი და ეს უნდა იყოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევა, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან", - თქვა მან.

"როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ულრიხ ლეჰტემ კი განაცხადა, რომ სამი დღე იყვნენ საქართველოში, შეხვდნენ არასამთავრობოებს, ოპოზიციურ პარტიებს.

"სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, ჩვენი სურვილის მიუხედავად. ჩვენ ვითხოვეთ შეხვედრა უმაღლეს დონეზეც, მეორე და მესამე დონეებზეც, მაგრამ უარი მივიღეთ. დრო რატომღაც ვერ გამონახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტი კვირების წინ იყო დაგეგმილი. იმედის მაქვს, არჩევნების შემდეგ დემოკრატიისკენ სვლა გაგრძელდება ძლიერი მთავრობით", - თქვა ულრიხ ლეჰტემ.

ულრიხ ლეჰტემის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან მისი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაში მონაწილეობდა და ჩართული იყო რევოლუციის მცდელობაში.

"თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და  ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული  და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში

ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, დებორა დურინგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ადრე რეგიონში საქართველო ლიდერი იყო, მაგრამ ახლა სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო სვლა და ფსკერზე აღმოჩნდა.

"მინდა გითხრათ, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. ჩვენ არ მივცემთ ხმას საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, სანამ ეს კანონი და ასევე კანონი ადამიანის უფლებების შესახებ გაუქმებული არ იქნება", - განაცხადა დებორა დურინგმა.

2024 წლის მაისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ.

როთი მაშინ მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა „სამხარაძემ მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების” ოფისში“, - წერდა ის.