თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესების შესახებ გეგმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კუბას ნავთობით ამარაგებენ. მან კუნძულოვან სახელმწიფოსთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ABC News-ის წერს.
აღმასრულებელ განკარგულებაში ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბის მთავრობის პოლიტიკა, პრაქტიკა და ქმედებები წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.
განკარგულება მოიცავს საპასუხო ტარიფებს აშშ-ში გაყიდულ პროდუქციაზე „ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ყიდის ან სხვაგვარად აწვდის ნავთობს კუბას“.
ABC News-ის წერს: ბრძანებაში მკაფიოდ არ არის ნათქვამი, თუ რა მოცულობის ახალი ტარიფები დაწესდება. ნაცვლად ამისა, თუ დადგინდება, რომ ქვეყანა კუბას ნავთობს მიჰყიდის, ვაჭრობის, სახელმწიფო, ხაზინისა და შიდა უსაფრთხოების მდივნები და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი განსაზღვრავენ, უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი ტარიფები ამ ქვეყნებიდან აშშ-ში შემოსულ საქონელზე. ტარიფების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.
ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „კუბის მთავრობამ გადადგა არაორდინარული ნაბიჯები, რომლებიც ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს“. ხაზგასმულია მისი ალიანსები რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან.
კენედის ცენტრში, დოკუმენტური ფილმის „MELANIA“-ს პრემიერის წინ, წითელ ხალიჩაზე ტრამპმა ABC News-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის არ ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის დახრჩობას.
„კუბა წარუმატებელი სახელმწიფოა და კუბის გამო თავს ცუდად უნდა გრძნობდე“, - თქვა მან. „ისინი ხალხს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ჩვენ გვყავს ბევრი კუბელი ამერიკელი, რომლებსაც მართლაც ძალიან ცუდად მოექცნენ და მათ ალბათ კუბაში დაბრუნება სურთ... ვფიქრობ, კუბა გადარჩენას ვერ შეძლებს“. იმავე ღონისძიებაზე ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დაცვას ემსახურება.
„პრეზიდენტს სურს დარწმუნდეს, რომ მის საგარეო პოლიტიკას ყველა ჩვენი მოკავშირე და მეგობარი იცავს, ამიტომ მას სურს ნათლად აჩვენოს, თუ რა უნდა გააკეთონ ჩვენმა მოკავშირეებმა და მეგობრებმა“, - თქვა ლატნიკმა. „ვფიქრობ, ის ყველაფერს ძალიან ნათლად და ფრთხილად აყალიბებს, რათა ჩვენმა მოკავშირეებმა გაიგონ, რის გაკეთებას აპირებს ის. როგორც მის ყველა ტარიფზე ნახეთ, შედეგები საბოლოოდ გონივრული და ლოგიკურია. ასე რომ, აქაც იმავეს ველოდები - გონივრულსა და ლოგიკურს“.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა კუბის მთავრობას მრავალი გაფრთხილება მისცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო შეიპყრო.
„ახლა მათ ის ფული აღარ შემოუვათ. მათ აღარ ექნებათ შემოსავალი“, - თქვა ტრამპმა 7 იანვარს ვენესუელის რეჟიმსა და კუბას შორის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრისას.
მანამდე ტრამპმა თქვა, რომ კუბა „დაცემის პირასაა“.
„კუბა ისე გამოიყურება, თითქოს დაცემის პირასაა. არ ვიცი, როგორ აპირებენ ისინი გაძლებას, მაგრამ კუბას ახლა შემოსავალი აღარ აქვს“, - თქვა ტრამპმა 4 იანვარს. „მათ მთელი შემოსავალი ვენესუელიდან, ვენესუელური ნავთობიდან ჰქონდათ. ახლა კი ვერაფერს იღებენ. კუბა სიტყვასიტყვით მზად არის დაცემისთვის. გვეყოლება ბევრი შესანიშნავი კუბელი ამერიკელი, რომელიც ამით ძალიან ბედნიერი იქნება“.