თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წელს მშენებლობაზე გაცემულია 11 578 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2%-ით ნაკლები) 11 397.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 5.3%-ით ნაკლები). 

ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2% მოდის თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8% - კახეთის რეგიონზე და 6.9% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

ამასთან, 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.  

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 509.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტი) 3 393 ობიექტი (წინა წელთან შედარებით შედარებით 5.9%-ით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.4% მოდის თბილისზე, 13% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5% - კახეთის რეგიონზე და 8.8% - ქვემო ქართლის რეგიონზე.