თბილისი (GBC) - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ბარბარა ფოსი დაინიშნა, რომელმაც პეტერ ფიშერი შეცვალა - ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა 30 ივნისს ამოეწურა.

ახალმა ელჩმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – აცხადებს ბარბარა ფოსი.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ბარბარა ფოსი, 2023-2026 წლებში, ინდოეთში, კალკუტას გენერალურ საკონსულოში გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.

დიპლომატიურ უწყებაში გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ფოსს საგარეო საქმეთა სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:

  • 2019–2023 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (ბერლინი): მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2015–2019 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
  • 2012–2015 - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
  • 2009–2012 - გერმანიის საელჩო თელ-ავივში (ისრაელი): კონსული;
  • 2006–2009 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
  • 1996–2005 - გერმანიის საელჩოები ლაგოსში (ნიგერია), დარ-ეს-სალამში (ტანზანია) და გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში (ნიუ-იორკი);
  • 1992–1996 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (ბონი): პოლონეთთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი.

ბარბარა ფოსმა 1986–1992 წლებში განათლება ფედერაციის უნივერსიტეტში, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მიიღო, ხოლო 2005-2006 წლებში საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის სპეციალური მომზადება გაიარა.