თბილისი (GBC) – თურქეთის ათი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები და თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს. ინიციატივის შესახებ მოსკოვური გაზეთი „კომერსანტი“ წერს.

დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები აფხაზეთის „იზოლაციის“ დასრულებას შეუწყობს ხელს. ინიციატივას მხარს უჭერს თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, რომელთა დეპუტატები ჯამში 206 მანდატს ფლობენ, რაც პარლამენტის დაახლოებით მესამედია.

ინიციატორები თურქეთის ხელისუფლებას „კვიპროსის პრეცედენტის“ გამოყენებისკენ მოუწოდებენ. მათი არგუმენტი ეფუძნება 1983 წელს თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და შემდგომ მისთან ეკონომიკური, სატრანსპორტო და პოლიტიკური კავშირების განვითარებას.

თურქეთში აფხაზური დიასპორის რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 500 ათასამდე ადამიანს აღწევს.

თურქეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივაზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ანკარა ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აქვს აღიარებული.

ამჟამად თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები შეზღუდულია. თურქულ-აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობები ძირითადად ოჩამჩირის პორტიდან ქვანახშირისა და ხე-ტყის გატანითა და თევზჭერით შემოიფარგლება.

„კომერსანტის“ ცნობით, ამ ინიციატივას ოკუპირებულ სოხუმში ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ, თუმცა მის შესაძლო განვითარებაში მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთის პოზიციას მიიჩნევენ. მოსკოვს თურქი ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.