თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში მისივე მიწვევით ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარასკევს, 24 ნოემბერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
„განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.
აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.
მთავრობების მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.