თბილისი (GBC) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა. 

საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა“, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემების გაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ-ერთი სესია დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა დანერგეს  საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები  სომხეთში დაგეგმილი არჩევნების სამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.

საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.

(R)