თბილისი (GBC) - ირანში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო სამოქალაქო ავიაცია სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ავიაკომპანიებს უწევთ მარშრუტების შეცვლა ამ ქვეყნის გვერდის ავლით, პარალელურად კი საწვავის ფასები იზრდება. როგორც BBC იუწყება, შედეგად, ავიაბილეთების გაძვირება უკვე დაიწყო, მოგზაურობა კი სულ უფრო ძვირი ხდება. რეისების გადამისამართებამ საჰაერო ტრაფიკის სიმჭიდროვე გაზარდა ორ ძირითად მარშრუტზე: არაბეთის ნახევარკუნძულზე და კავკასიაზე (კერძოდ, საქართველოზე), სადაც თვითმფრინავებმა საკმაოდ ვიწრო დერეფანში უნდა იფრინონ ირანსა და რუსეთს შორის.

ხუთშაბათს ჰონკონგის ავი გადამზიდავმა Cathay Pacific-მა გამოაცხადა საწვავის მოსაკრებლის - იმ დანამატის გაზრდის შესახებ, რომელსაც ავიაკომპანიები ბილეთის ღირებულებაში რთავენ. ეს მოსაკრებელი გარკვეულ ქვეყნებში 18 მარტიდან შეძენილი ბილეთებისთვის თითქმის ორმაგდება. მაგალითად, კანადაში ნაყიდი ბილეთებისთვის მოსაკრებელი 101 კანადური დოლარიდან ($73.5 აშშ დოლარი) 202.6 დოლარამდე (148 აშშ დოლარი) გაიზარდა - ეს კი გარდაუვლად იწვევს ბილეთის ფასის ზრდას.

BBC-ის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე საწვავის მოსაკრებლის გაზრდაზე განაცხადა Air India-მაც. მოსაკრებელი გაიზრდება ყველა შიდა და საერთაშორისო რეისზე. 18 მარტიდან ევროპის მიმართულებით ფრენებზე მოსაკრებელი 25 დოლარით - 125 დოლარამდე მოიმატებს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ბილეთები 50 დოლარით გაძვირდება და მოსაკრებელი 200 აშშ დოლარს შეადგენს.

მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Air New Zealand-მა და Hong Kong Airlines-მა. Reuters-ის ინფორმაციით, Scandinavian Airlines-მა 10 მარტს განაცხადა, რომ საავიაციო საწვავის გაძვირების გამო ფასების დროებითი კორექტირება აამოქმედა.

ირანში ომის დაწყების შემდეგ საავიაციო საწვავის ფასი ბარელზე 85-90 დოლარიდან 150-200 დოლარამდე გაიზარდა. საწვავი ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების მეოთხედს შეადგენს. ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ ფასებს დაუყოვნებლივ არ ზრდის, თუმცა მათი განცხადებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ეს მოგვიანებით არ მოხდება. ნავთობის ფასი იზრდება - 13 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ასცდა, რაც ომის დაწყებიდან დაახლოებით 24%-იანი ზრდაა.

ჩაკეტილი საჰაერო სივრცე

საჰაერო მარშრუტები დაგრძელდა რამდენიმე ქვეყნის მიერ ცის ჩაკეტვის გამო. BBC-ის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, სპარსეთის ყურის ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საჰაერო სივრცე, თუმცა მოგვიანებით რეჟიმი შეამსუბუქა. საუდის არაბეთი კვლავ დაკეტილს ტოვებს ერაყთან და სპარსეთის ყურესთან მოსაზღვრე სივრცეს, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი (ESCAT) შემოიღეს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ რეისზე საჭიროა სპეციალური ნებართვა, მოძრაობას კი სამხედროები აკონტროლებენ.

ზოგიერთი სახელმწიფოს თავზე ცა სრულად ჩაკეტილი რჩება: ეს თავად ირანია, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე ბაჰრეინი, ერაყი, ისრაელი, ქუვეითი და სირია. რეგიონის ცის სრულად ჩაკეტვა შეუძლებელია, რადგან აქ მდებარეობს უმსხვილესი საავიაციო ჰაბები. ერთი ასეთი კვანძის გაჩერებამაც კი შეიძლება ძლიერ გაართულოს კავშირი მსოფლიოს დაშორებულ წერტილებს შორის, მაგალითად, დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის. შედეგად, გადამზიდავები იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ რეისები ან შეეცვალათ მარშრუტები ჩაკეტილი ზონებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

ახალი მარშრუტები

ცაში ლაინერები, როგორც წესი, დადგენილი მარშრუტებით - თავისებური „ავტომაგისტრალებით“ მოძრაობენ. ეს კეთდება საჰაერო მოძრაობის რეგულირებისთვის. თვითმფრინავი კვეთს ზონებს, რომლებსაც დისპეტჩერები მართავენ (FIR - საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი). როდესაც რეგიონში ომი იწყება, თვითმფრინავები უბრალოდ ვერ შემოუფრენენ ამ ადგილს - ისინი უნდა ჩაეწერონ ნაკადში, რომელიც სხვა მარშრუტით მიდის. ეს ტვირთავს დისპეტჩერებს, რის გამოც ცენტრები ჩვეულებრივ დამატებით კადრებს ამატებენ.

ირანის თავზე გადიოდა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო მარშრუტი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ევროპასთან, ინდოეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან აკავშირებდა. რეისები ევროპიდან ახლა უფრო ჩრდილოეთით - უკრაინისა და რუსეთის ჩაკეტილ სივრცეებსა და ირანს შორის არსებულ საკმაოდ ვიწრო კორიდორში გადის. ეს მარშრუტი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილზე, შემდეგ აზერბაიჯანზე, კასპიის ზღვაზე, თურქმენეთზე, ავღანეთსა და პაკისტანზე გადის.

ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები გახდა ბაქოს (UBBA) და თბილისის (UGGG) ცენტრები. ამ ქვეყნების სადისპეტჩერო ცენტრები ახლა ემსახურებიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტის ე.წ. „ბოთლის ყელს“.

მეორე ვარიანტი არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე ფრენაა. მაგალითად, Swiss Airlines-ის რეისი LX181 ბანგკოკიდან ციურიხში ადრე პირდაპირ ირანს კვეთდა. 2026 წლის ომის დაწყებისთანავე, მარშრუტი კვლავ კავკასიისკენ გადამისამართდა. ორივე ვარიანტი - კავკასიის გავლითაც და არაბეთის ნახევარკუნძულზეც — ზრდის ფრენის დროს და საწვავის ხარჯს.

რეისები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არანაკლებ ზარალდება. რუსული „აეროფლოტის“ რეისი მოსკოვიდან სეიშელის კუნძულებისკენ 18 თებერვალს 8.5 საათს გრძელდებოდა, 11 მარტს კი - 10 საათს. თვითმფრინავს დიდი წრის დარტყმა მოუწია პაკისტანისა და ავღანეთის თავზე.

„ამჟამად მთელი ახლო აღმოსავლეთი მიუწვდომელია ავიაციისთვის, რაც ზოგიერთი ავიაკომპანიისთვის ძალიან მაღალი ფასია“, - განაცხადა სუბჰას მენონმა, აზია-წყნარი ოკეანის ავიაკომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

სახიფათო რეგიონი

BBC წერს, ირანის თავზე ავიაციის მარშრუტები ჯერ კიდევ 2020 წელს შეიცვალა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავებისას. მაშინ, 8 იანვარს, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ რეისი PS752 თეირანიდან აფრენისთანავე ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

2025 წლის ზაფხულში, 12-დღიანი ომის დროს, მარშრუტები კვლავ შეიცვალა - უცნაური იქნებოდა სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა იმავე ცაზე, სადაც გამანადგურებლები და ბომბდამშენები მოქმედებდნენ. თუმცა, იმ მომენტისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) უკვე შემუშავებული ჰქონდა მარშრუტების ცვლილების სქემა, რათა საჭიროების შემთხვევაში ავიაკომპანიებს მუშაობის სწრაფად გადაწყობა შეძლებოდათ.