თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1%-ით.

2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1%.

2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.

2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.

2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8%-ით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი).

2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა.

2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.1 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

2025 წელს, რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.

2025 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.