თბილისი (GBC) - 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, კანონით გათვალისწინებული ინდექსაციის წესის მიხედვით მოსალოდნელი 20-ლარიანი ზრდის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება. შედეგად, ამ ჯგუფის პენსიონერების ყოველთვიური ანაზღაურება 415 ლარს გაუტოლდება (მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერების გამოკლებით). ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პენსიების დამატებითი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ ხარჯებს დამატებით ₾128 მლნ-ით გაზრდის.

„სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო ₾5 მლრდ-ზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე, ₾540 მლნ. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ ₾65 მლნ იყო გამოყოფილი. სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, რადგან ამ ზღვრის გადალახვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, დასაშვები ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი პროგრამა დევნილთა ოჯახებისთვის: 10 000 ლარი თითოეულ წევრზე

საპენსიო ცვლილებების პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის ახალი, ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა. სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროექტი.

ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, უფლება ექნება, განაცხადი შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში.

პროგრამის ძირითადი პირობები:

  • კომპენსაციის ოდენობა: 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე;
  • გაცემის წესი: განაცხადების შეტანის ქრონოლოგიური რიგითობის შესაბამისად;
  • დაფინანსება: მიმდინარე წელს პროგრამისთვის გამოყოფილია 58 მილიონი ლარი, ხოლო მომდევნო წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი, მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ კი ბინებს დამატებით 2 600 ოჯახი მიიღებს, თუმცა ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება. სწორედ ამ პროცესის დაჩქარების მიზნით შემოიღო მთავრობამ ალტერნატიული ფულადი კომპენსაციის მოდელი.