თბილისი (GBC) – „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იმედი აქვთ, ეროვნული ბანკი შეცვლის გადაწყვეტილებას და არ დაუშვებს თავისი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას.

„ვეხმაურებით საქართველოს ეროვნული ბანკში განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადად ინარჩუნებდა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, იზიარებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს, მაღალკვალიფიციურად უძღვებოდა ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფდა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების როლი ქვეყნის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების განხორციელების წესში ცვლილებების შეტანამ საფრთხე შეუქმნა, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის გარეთ მის საერთაშორისო რეპუტაციას.

პირველი, საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების განხორციელების წესში შეტანილმა ცვლილებამ გააჩინა კითხვები ბანკის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შესახებ პოლიტიკური გავლენებისაგან. მეორე, ამან გამოიწვია ბანკის უმაღლესი რანგის პროფესიონალების, სამივე ვიცე-პრეზიდენტისა და მრჩევლის მიერ თანამდებობების დატოვება მიღებულ გადაწყვეტილებასთან უთანხმოების საფუძველზე. ამ უპრეცედენტო კრიზისმა შეარყია როგორც ბანკის შიდა პროფესიული რესურსები, ისე მისი რეპუტაცია. მესამე, მოცემულმა ცვლილებამ სანქციების ამოქმედების საკითხზე გავლენა გაუფართოვა სასამართლო სექტორს, რომლის დამოუკიდებლობის და რეფორმირების აუცილებლობის საკითხი ქვეყანაში მწვავედ დგას და ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მეოთხე, მოცემული ცვლილების შედეგია კომერციული საბანკო სექტორის შეშფოთება და უარყოფითი გავლენა ლარის კურსზე.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი შეცვლის გადაწყვეტილებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესს, სასწრაფოდ გადაჭრის ბანკის შიდა პროფესიული რესურსების კრიზისის საკითხს და არ დაუშვებს თავისი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას“, – ნათქვამია ISET–ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბერს მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს, თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. ამის შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. ამის შემდეგ სებ-ი დატოვეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

მანამდე, 14 სექტემბერს აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამ თანამდებობიდან ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.