თბილისი (GBC) – ერთ–ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, პულიცერის პრემიის სამგზის მფლობელმა თომას ფრიდმანმა The New York Times–ში ტრამპის და ბაიდენის საპრეზიდენტო დებატებს სვეტი მიუძღვნა.

„ჯო ბაიდენი – კარგი ადამიანი და კარგი პრეზიდენტი. ის უნდა გავიდეს ამ რბოლიდან

ბაიდენისა და ტრამპის დებატებს ლისაბონში, სასტუმროს ნომერში ვუყურე და ცრემლი ვერ შევიკავე. ვერ გავიხსენებ ამერიკულ საპრეზიდენტო კამპანიაში ასეთ სულის შემძვრელ მომენტს და სწორედ იმიტომ, რომ ამ დებატებმა დაგვანახვა: ჯო ბაიდენს, კარგ ადამიანს და კარგ პრეზიდენტს, არ აქვს უფლება მეორე ვადით იყაროს კენჭი. დონალდ ტრამპი კი, გაბოროტებული ადამიანი და მეწვრილმანე პრეზიდენტი, არაფერს სწავლობს და არაფერი დავიწყებია. ის კვლავინდებურად სიცრუის ნაკადია, როგორიც ყოველთვის იყო, პრეტენზიებით შეპყრობილი – ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, ვინს ამერიკას სჭირდება, რათა XXI საუკუნეში ლიდერი გახდეს.

ბაიდენის ოჯახი და პოლიტიკური გუნდი სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს და ურთულესი საუბარი გამართოს პრეზიდენტთან – საუბარი უნდა იყოს სიყვარულზე, მკაფიოობასა და გადაწყვეტილებაზე. იმისათვის, რომ ამერიკას ნოემბერში ტრამპის საფრთხის მოგერიების მეტი შანსი გაუჩნდეს, პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს და ათავისუფლებს ყველა თავის დელეგატს დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.

რესპუბლიკურ პარტიას რაც შეეხება – თუ მის ლიდერებს პატიოსნების მისხალი მაინც შერჩენიათ – იგივე უნდა მოითხოვოს ტრამპისგან, მაგრამ ამას არ გააკეთებენ, რადგან მათ პატიოსნების ნატამალი არ გააჩნიათ. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატების მხრიდან ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე წამოწევას და მათ უნდა განაცხადონ, რომ დემოკრატიული პარტიიდან სხვადასხვა კანდიდატის შესარჩევად საჯარო პროცესი დაიწყება. ეს უნდა იყოს შეხვედრები ქალაქებში, დებატები, დონორებთან შეხვედრები და სხვ. კი, ეს შეიძლება ქაოსური პროცესიც გახდეს, როდესაც 19 აგვისტოს ჩიკაგოში დემოკრატების ყრილობა დაიწყება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრამპის საფრთხე საკმაოდ სერიოზულია იმისათვის, რომ დელეგატები ერთ მუშტად შეიკრნენ და შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე.

თუ ოდესმე დამდგარა დრო, როდესაც მსოფლიოს ამერიკა თავის საუკეთესო გამოვლინებებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ლიდერით სჭირდება, ეს არის დღეს – იმიტომ, რომ ახლა ჩვენ წინაშეა დიდი საფრთხეები და შესაძლებლობები. ასეთი ლიდერი შეიძლება ყოფილიყო უფრო ახალგაზრდა ჯო ბაიდენი, მაგრამ საბოლოოდ დრომ მასაც მოუწია. და ეს გარდაუვალად თვალსაჩინო იყო ხუთშაბათის დებატებზე.

ბაიდენი ჩემი მეგობარი მას შემდეგ გახდა, რაც ერთად ვმოგზაურობდით ავღანეთში და პაკისტანში, 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც იგი სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ყოველივე ზემოხსენებულზე მე ძალიან სევდიანად ვსაუბრობ.

მაგრამ, თუ იგი ახლა დაასრულებს თავის პრეზიდენტობას, აღიარებს რა, რომ ასაკის გამო არ იმსახურებს მეორე ვადით არჩევას, მისი პირველი და ერთადერთი ვადა ყველას დაამახსოვრდება როგორც ერთ–ერთი საუკეთესო პრეზიდენტობა ჩვენ ისტორიაში. მან ჩვენ ტრამპის მეორე ვადისგან გვიხსნა და თუნდაც მხოლოდ ამის გამო იმსახურებს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს.

აქამდე მზად ვიყავი, ნდობა გამომეცხადებინა ბაიდენისთვის, რადგან პირადი შეხვედრების დროს აღმოვაჩინე, რომ იგი საქმეს კარგად უძღვება. მაგრამ, აშკარაა, რომ უკვე ვეღარ გამოსდის. მის ოჯახს და თანამშრომლებს ეს უნდა სცოდნოდათ. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ისხდნენ კემპ–დევიდში და ამ დებატებისთვის ემზადებოდნენ. თუ ეს საუკეთესო გამოსვლა იყო, რისი მიღწევაც მათ პრეზიდენტისგან შეძლეს, მაშინ ჯო ღირსების შენარჩუნების დროა, რომელსაც შენ იმსახურებ და დატოვო სცენა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისთანავე.

თუ ამას გააკეთებს, რიგითი ამერიკელები ყოველთვის დააფასებენ ჯო ბაიდენს იმის გამო, რომ გააკეთა ის, რასაც დონალდ ტრამპი არასოდეს იზამდა – ქვეყანა საკუთარ თავზე მაღლა დააყენა.

თუ მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ტრამპთან წააგებს, ბაიდენს, მის ოჯახს, თანამშრომლებს და პარტიის წევრებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ, ხალხში თავი აღარ ექნებათ გამოსაყოფი.

ისინი უკეთესს იმსახურებენ. ამერიკას სჭირდება უკეთესი. მსოფლიოს სჭირდება უკეთესი“.