თბილისი (GBC) - პირველი გოლი, პირველი ქულა, პირველი გამარჯვება, პირველად პლეი ოფში... ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1–ელ ივლისს „ევრო 2024“-ს დაემშვიდობა, თუმცა, დებიუტანტმა გუნდმა სპორტული სამყაროს განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა. "ჯვაროსნებმა" ისტორიული შედეგით, ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, რამაც საერთაშორისო მედია აალაპარაკა.

მერვედფინალში საქართველოს მეტოქე ესპანეთი იყო, რომელმაც ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ეროვნული ნაკრები კი გახდა ის გუნდი, რომელიც საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

ქომაგები მადლობლები არიან ყველა იმ ემოციის, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა, ამას მოწმობს, სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტები წარწერით, "საამაყო გუნდი, საამაყო ნაკრები", "მადლობა ბიჭებო", "ჩვენ უკვე ვაჯობეთ საკუთარ თავს", "საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მომავლის გუნდი გვყავს"...

გუნდის წარმატებით კმაყოფილია, თავად გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი, მისი თქმით, ამაყია იმით, რაც „ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ“.

"ესპანელების პირველი გოლის დროს ცხადად თამაშგარე იყო. თუ საფრანგეთის ნაკრებთან ნიდერლანდების გოლი გაუქმდა, დღეს ათჯერ უფრო ცხადი სიტუაცია იყო. ვიდეორეფერი შესანიშნავი გამოგონებაა, მაგრამ მისი სწორად გამოყენება ბოლომდე არ ვიცით. ადამიანები ერთსა და იმავე ეპიზოდებზე სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც ფეხბურთელები ვერ იგებენ.

ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ახლა მშვიდად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავაკეთეთ და რა გზა გავიარეთ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ნაკრებმა გასაოცარი ევოლუცია განიცადა. ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გზა იქნება.

ევრო 2024-ზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წაგებით მაინც დამწუხრებულები გახლავართ. თუმცა, ასეთია ფეხბურთი. უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც“, – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემაც.  

„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით ამ გამარჯვების ფასი. პირველ გოლს რაც შეეხება, ასეთი რამ ყველა გუნდს ემართება. საქართველოს ნაკრების მთავარი იარაღი კონტრშეტევებზე თამაში იყო. გოლი გავუშვით, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ – მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გაგვიხარდა.

საქართველოს გოლის შემდეგ რამდენიმე წუთი ვინერვიულეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა. ფეხბურთელებმა თამაში დაალაგეს, რაშიც უდიდესი წვლილი როდრის მიუძღვის, მან მოედნის ცენტრში ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ახლა მეოთხედფინალში გერმანიასთან ურთულესი თამაში გველოდება – ტურნირის მასპინძლებთან ფინალის ტოლფასი შეხვედრა იქნება“.

ამ ამბავში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია "BBC-ის" სტატია, სადაც ნათქვამია, "გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეიოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა". 

გამოცემა ასევე წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა.

„თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც ნახეს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს“, – აღნიშნულია „BBC-ის“ სტატიაში.

Reuters-ის ცნობით კი ქართველები ესპანელებთან მარცხის მიუხედავად, მაინც ამაყები უნდა იყვნენ, რადგან მათ დებიუტანტისთვის შესაშური შედეგი დააფიქსირეს: “ევროს ყველაზე დაბალ რეიტინგიანმა ნაკრებმა, მასზე 66 ადგილით წინ მყოფ ესპანეთს კონკურენცია გაუწია და დამარცხდა. კლასმა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ქართველი გულშემატკივრები მაინც მხურვალე აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს”, - წერს Reuters-ი. 

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი კი საქართველოს ესპანეთთან მარცხი, საქართველოს ნაკრების კლასთა შორის სხვაობის გარდა, “ჯვაროსნების” გამოუცდელობას მიაწერა:

“ვინც “ნაპოლისა” და “ვალენსიას” მატჩებს უყურებთ, კვარაცხელიასა და მამარდაშვილის კლასის შესახებ უკვე ყველაფერი გეცოდინებათ, მაგრამ EURO 2024 მათი ნიჭისა და ტალანტის გამოვლენის კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებში გადავიდნენ. დღეს დამარცხებულ გუნდს ნათელი მომავალი აქვს, ისინი გულშემატკივრების გაოცებას კიდევ მრავალი წელი შეძლებენ. გამანადაგურებელი მარცხის მიუხედავად ისინი თავაწეულები, როგორც გმირები ისე უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში” - წერს The Telegraph.

„ფოქს სოკერი“ საკუთარ facebook გვერდზე წერს, „მოუთმენლად ველოდებით მათ მომავალშიც. მადლობა, საქართველო“ და ნაკრების ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მადლობას საელჩოებიც უხდიან. მათ შორის შვედეთის საელჩო, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, „შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!" - წერია მათ განცხადებაში. 

EURO 2024 - ზე საქართველოს ნაკრების წარმატება არც EU-ის წარმომადგენლობას გამოჰპარვია:

"თქვენ საქართველოს მოუტანეთ სიხარული, დაიპყარით გულები, ვამაყობთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიული დებიუტით. თქვენ საქართველოს მოუტანეთ სიხარული და პატივი და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივრის გული მთელ მსოფლიოში. მადლობა საოცარი თამაშებისთვის". - ნათქვამია მათ განცხადებაში. 

გერმანიის ელჩი X–ზე კი წერს, „პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!“.

ცნობისთვის, მერვედფინალამდე ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის გზა ასეთი იყო:

F ჯგუფში, ჯგუფური ეტაპი საქართველომ ოთხი ქულით დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა.

მესამე მატჩში კი ყველასთვის მოულოდნელად სძლია პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს, ანგარიშით 2:0.