თბილისი (GBC) – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის დეოკუპაციის საკითხს უნდა მოიცავდეს.
„ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ, კალასმა განმარტა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება შეუძლებელია რუსული ძალების გაყვანის გარეშე ყველა იმ რეგიონიდან, სადაც ისინი ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან.
კაია კალასმა უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნა შესაძლოა „არარეალურად“ ჩანდეს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესის დასაბალანსებლად, რადგან თავად რუსეთის მოთხოვნები ყოველგვარ რეალობასაა აცდენილი.
„რუსული მხარის მოთხოვნები საერთოდ არარეალურია. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ იმ ტერიტორიებსაც კი, რომლებიც სამხედრო ძალითაც არ დაუპყრიათ“, - აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ემსახურება იმას, რომ ყურადღება რეალურ პრობლემაზე გადავიდეს - იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს თავდასხმას საკუთარ მეზობლებზე.
კალასის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა: რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, რათა რეგიონში სტაბილური და სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს.