თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი X-ზე წერს, "თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია".

კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში

„საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, – წერს კაია კალასი.

კვირას, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს.

პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროვებას, რაც ჭყლეტვის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა.

პოლიციის ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

2 თებერვალს თბილისში გამართულ აქციებზე 31 ადამიანი დააკავეს, მათგან ყველაზე მცირე, 5-ს დაკავებისას ძალადობის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

აქციის ანონსის შემდეგ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აქცია გზების გადაკეტვა, გზის ეს მონაკვეთი კი, სადაც აქცია იყო დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადა.