თბილისი (GBC) – ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული წნეხი მკაცრად გააკრიტიკა. მილანოვიჩის შეფასებით, ქვეყანას ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან და მორალური შანტაჟის წინაშე აყენებენ.
ხორვატიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია დასავლელი პოლიტიკოსების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ვნახე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე რომ ჩამოსულიყვნენ. არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია წნეხი მცირე ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი“, – განაცხადა მილანოვიჩმა.
აბსურდული ბრალდებები და ეკონომიკური წარმატება
მილანოვიჩის თქმით, გაუგებარია ბრალდებები საქართველოს პრორუსულობის შესახებ, როდესაც ქვეყანას მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს. მან აღნიშნა, რომ საქართველო შეუძლებელი დილემების წინაშე დააყენეს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც. მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკურად წარმატებულად ვითარდება და მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს.
მისი თქმით, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ პროგრესს და არა ბარიერები შექმნას.
„ბრიუსელის ბიუროკრატია ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებს“
ხორვატიის ლიდერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას არ მისცემს უფლებას, ხორვატიის სახელით ისაუბროს. მან 2025 წელს ევროკავშირიდან ვიზიტების სიმცირეს „სიგიჟეა“ უწოდა და დასძინა, რომ მისი ვიზიტი არის სოლიდარობის ჟესტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი დამოუკიდებელი ძალისხმევის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში 11-13 თებერვალს, მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.