თბილისი (GBC) - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, 2026 წლის 8 ივნისს, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან პარტნიორობა ქაღალდზე კი არ არის, არამედ ორივე ქვეყნისთვის სრულიად კონკრეტულ სარგებელში აისახება. მისივე შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში მიღწეულ კონკრეტულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს:

  • სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი: 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს საერთო ვაჭრობით, ხოლო მეორეს - ქართული წარმოების ექსპორტით. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში კი ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას.
  • ლოგისტიკა და „შუა დერეფანი“: 2024 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. გატარებული ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
  • ტურიზმი და ავიამიმოსვლა: ამოქმედებულმა უვიზო რეჟიმმა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელს 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა. საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს - Air China-ს პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისს, ივლისიდან China Southern-ის ანალოგიური მიმართულება, ხოლო 15 ივლისიდან China Eastern-ის პირდაპირი ფრენები (შანხაი-თბილისი) დაემატება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება გაფორმდა, ხოლო 6 დოკუმენტი განხილვის ფინალურ ეტაპზეა. განათლების მიმართულებით კი მზადდება ახალი მემორანდუმი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ პროექტებსა და საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინს, ჩინეთის პრემიერსა და ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს. ქართული მხრიდან მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც სახელმწიფოს სახელით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს.