თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძე პარასკევს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი თეატრის” გუშინდელი მანიფესტის შეფასების დროს დეზინფორმაციულ ნარატივს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს არის „კანვასის” რევოლუციის მცდელობა, რაც არ შედგება”.

„საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა. ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან სცადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ, საუბარია ე.წ. მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველა მცდელობა ჩავარდა.

ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის” რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის – „კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 იანვარს, ხუთშაბათს, პროტესტის 57-ე დღეს, ახალი თეატრის მსახიობებმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა კი თქვა, რომ, „ახალი თეატრი რეგიონებში გადის”.

თეატრმა, რომლის ერთ-ერთი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციის ფარგლებში დააკავეს და პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია, საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა.  

"რაც შემიძლია ახლა ვთქვა, არის ის, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა მხოლოდ პროკურატურასთან – ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და მთელი ქართული კულტურა ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მართლა ძალიან დიდი მადლობა.

პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც – გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა აუცილებლად შემოგვიერთდება.

აქვე, ვიწყებ დაანონსებას – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში – ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!

ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც!“ – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ორსაათიანი ღონისძიების შემდეგ მოქალაქეები, რომლებიც ვასო აბაშიძის თეატრთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც ყოველდღიურ პროტესტს შეუერთდნენ ახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით. 

„კანვასის” შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 2 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა „ხელისუფლების დამხობის პროცესში”. ხოლო მოგვიანებით, ორგანიზაციამ სუსის განცხადება ზეწოლად შეაფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.