თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძემ პრემიერ–მინისტრის რანგში მისთვის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა. პრემიერის აზრით, საქართველოს უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით იყოს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც, მისივე თქმით, არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი ჰყავს და ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.