თბილისი (GBC) - "ქართული ოცნების" ახალ ცენტრალურ ოფისში დღეს, 20 ივლისს, 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ მოცემულობაში ქართული ოცნების პარტიის მხარდაჭერა არის 60% და, რა თქმა უნდა, ეს მმართველი პარტიისთვის არ არის საკმარისი. კობახიძემ თავის 3-წუთიან გამოსვლაში „ლიბერალური ფაშიზმი“ 5-ჯერ ახსენა.

ეს ფრაზა პირველად მაშინ ახსენა, როცა თქვა, რომ დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ ვითარებაში თუ არ ჩავთვლით „რამდენიმე ლიბერალურ ფაშისტურ თავდასხმას“.

კობახიძის თქმით, თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიაზე – ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე.

ლიბერალური ფაშიზმი პრემიერ–მინისტრმა ახსენა მეორედ, როცა თქვა, რომ  „პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც, როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა" სახელი და ა.შ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო, სამწუხაროდ“.

მესამედ, როცა განაცხადა, რომ ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები.

მეოთხედ მაშინ, როდესაც თქვა: "მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში".

მეხუთედ მაშინ როცა თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.