თბილისი (GBC) – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს. ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის პოზიციას დაიკავებს. 

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

1989 წლიდან თინათინ რუხაძე გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, მოგვიანებით იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. გახლდათ შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდიუსერი, აგრეთვე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში.