თბილისი (GBC) - ბრიუსელში დღეს, 17 ოქტომბერს ევროპის კავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც გაამახვილეს ყურადღება. "აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით კი 26 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი არჩევნებია, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. 

"ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით", - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობის მიზეზად კი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები ევროკავშირის ღირებულებებსა და მოთხოვნებთან შეუთავსებელია, - აღნიშნულთან დაკავშირებით იუკნევიჩიანემ ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან", - ამბობს იუკნევიჩიანე.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოცნების ქმედებების გამოა შეჩერებული. მისივე თქმით, ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური პირების განცხადებები ევროპარლამენტსა და აგვისტოს ომზე კრემლის ნარატივია.

17 და 18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილიდან ირკვევა, რომ სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.