თბილისი (GBC) - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს დღეს, 30 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. 

პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. 

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. 

შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ინფორმაციისთვის, სენატორი დეინსი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

საქართველოში დეინსმა პირველი შეხვედრა მე-5 პრეზიდენტთან გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ "სენატორი თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია".

28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. 

საელჩოს ამ განცხადებას მალევე წერილით უპასუხა "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა. წერილში მან „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

ივანიშვილმა თქვა, რომ უართან ერთად, აშშ-ის ელჩს კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს. "პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება", - თქვა მაშინ ივანიშვილი.

მანამდე, 13 მაისს, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი წერდა: "თუ დააკვირდებით, ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენს რიტორიკას, სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა აქვს".

ამ წერილზე აშშ-ის არცერთ ოფიციალურ წარმომადგენელს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია და ამ დრომდე არც არაფერი თქმულა.

21 მაისს ეს ფაქტი თავად კობახიძემაც დაადასტურა და თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.

6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო MEGOBARI Act.