თბილისი (GBC) – ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 ოქტომბერს ავრცელებს განცხადებას, რითაც საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება. სამინისტრო წერს: "არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული".

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება „ქართულ ოცნებას“ ინკლუზიური დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება.

შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა.

მოგვიანებით, დააკავეს „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრი. ესენი არიან: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ამავე მოძრაობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა - ყოფილი მაღალჩინოსანი ენმ-ის მმართველობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.