თბილისი (GBC) – მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა პატიმრობით ან კომპანიის ლიკვიდაციით დასრულდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, დღეს, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენისას წარმოადგინა ცვლილებები, რომლებიც აკრძალული პოლიტიკური საქმიანობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ პირს, ისე კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელიც დარღვევაზეა პასუხისმგებელი. კანონპროექტი იურიდიული პირებისთვის სანქციების მკაცრ იერარქიას აწესებს:

  • პირველი შემთხვევა: ადმინისტრაციული ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
  • განმეორებითი შემთხვევა: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა — ფიზიკური პირებისთვის 3 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა ან საზოგადოებრივი შრომა, ხოლო იურიდიული პირებისთვის — ჯარიმა ან ლიკვიდაცია.
  • არაერთგზისი დარღვევა: თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე ვადით.

„პოლიტიკით - პარტიები, ხოლო მეწარმე სუბიექტები - სამეწარმეო საქმიანობითა და ბიზნესით უნდა დაკავდნენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს ცვლილებები ბიზნესისა და პოლიტიკის მკვეთრ გამიჯვნას ემსახურება.