თბილისი (GBC) - NATO-ში ესტონეთის ელჩმა იური ლუიკმა, Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ ვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. დიპლომატმა მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და რუსული გავლენების გაძლიერების გამო.
იური ლუიკი იმედს იტოვებს, რომ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის გზას, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს.
„შავი ზღვა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიას ვუყურებთ, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ადგილია. ცხადია, მრავალი მიზეზის გამო, ეს რთული გარემოა. მონტროს კონვენციის გამო, რა თქმა უნდა, NATO-ს შავ ზღვაზე თავისუფალი წვდომა არ აქვს. ამიტომ, შავი ზღვის აუზის ნატოს ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ცხადია, შავი ზღვის გარშემო არსებული სიტუაცია უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
მართალია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ და ურთიერთგაგებამ რეგიონის მიმართ დადებითი განწყობა და დიდი იმედი გააჩინა. როდესაც სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მომავალს უყურებ, განსაკუთრებით ორი ლიდერის, [სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ] ფაშინიანისა და [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევის პოზიციების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შექებას იმსახურებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ამ ორი ქვეყნის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, მით უმეტეს, მათ შორის რთული წარსულის გათვალისწინებით. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ [ახლა სიტუაცია] იმედის მომცემია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით სამწუხარო ამბავია. მე ყოველთვის დემოკრატიული საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მივიჩნევდი თავს. იქ არაერთხელ ვარ ნამყოფი. ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი… და ახლა იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა სულ უფრო და უფრო… ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ძალიან ცუდია მთელი რეგიონისთვის, რადგან საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებს იმედს აძლევდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელსაც ვფიქრობ, ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს - დემოკრატიას“, - განაცხადა იური ლუიკმა.