თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 100-დან 50 ქულა შეადგინა. ეს ქვეყნისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

TI-ის განმარტებით, 100 - ბალიან შკალაზე 50 საშუალო შედეგია, ხოლო საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს.

„კორუფციის აღქმის ინდექსი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი, მაგალითად, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა. საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა კი სწორედ ესაა.

კორუფციის აღქმის ინდექსი 181 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები 100 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან:

საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს, ​​თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს.

პარტიამ ასევე გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა.

2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ავტორიტარულ შემობრუნებაზე საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას.

ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, რომელთა CPI ქულები მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წლიდან, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელი ტენდენცია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება.

ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მამხილებლებისთვის უფრო რთულია კორუფციაზე თავისუფლად საუბარი, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირების მხრიდან იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.