თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ, სამშაბათს „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას წყლის სექტორის რეაბილიტაციასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, წყალი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა, რომლის გონივრული მართვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეკონომიკური სიძლიერის საფუძველია.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლებაა. მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე 24 საათის განმავლობაში. ეს პროცესი მოითხოვს ათასობით კილომეტრი მოძველებული მილის შეცვლას, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გლობალურ ლიდერ კომპანია „აქუალიასთან“ (Aqualia) პარტნიორობას, რაც ქართული წყლის სექტორისთვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების გაზიარებას ნიშნავს.

პრემიერის შეფასებით, გამართული წყალმომარაგების სისტემა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ტურიზმის განვითარებასთან, ძლიერ წარმოებასა და სოფლის მეურნეობასთან.

„ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აქუალიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (GWP) და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს პროცესში ჩართულობისთვის, რაც მისი თქმით, სექტორის წარმატებული განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.