თბილისი (GBC) – სარეკლამო კომპანია JWT Metro-დან თანამშრომლები მიდიან, მას შემდეგ, რაც დღეს, 10 ოქტომბერს, JWT Metro-ს დამფუძნებელმა ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ მისი გადაღებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი.
ნიკა ბოჭორიშვილი წერს: „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“. ამავე Facebook პოსტის კომენტარებში თანამშრომლებმა დაწერეს, რომ მიდიან სამსახურიდან:
ერთ-ერთი თანამშრომელი წერს, რომ არაფერი იცოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერ პროექტზე. ის ამბობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
„სამწუხაროა, რომ კომპანიაში, სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს“, – წერს ერთ-ერთი თანამშრომელი სანდრო ჯავახიშვილი.
მის გარდა სამსახურიდან დატოვებაზე დაწერა კიდევ 4-მა თანამშრომელმა.
JWT Metro ერთ-ერთი იყო იმ კრეატიული სააგენტოებს შორის, რომლებმაც გაზაფხულზე, პროტესტის დროს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ ითანამშრომლებდნენ ბრენდებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ "რუსულ" კანონს.