თბილისი (GBC) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) „ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ.

PACE-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

PACE-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს არის მონიტორინგის მისიის რეგულარული ვიზიტი და არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანხმობა იმათ პოზიციებზე, ვისაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ შეხვდებიან ზოგიერთ დაკავებულ დემონსტრანტს, რომელთა მიმართ წარდგენილი ბრალი და დაკავება შეშფოთებას იწვევს.

PACE აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლების ნაწილში.