თბილისი (GBC) - ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური პროცესები განათლების სისტემაზე პირდაპირ აისახება. ასეთი მოსაზრება აქვს "ProActive Group Georgia"-ს დამფუძნებელს და საჯარო მმართველობის დოქტორ გიორგი აგირბაიას, რომელიც GBC-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "ხარისხის ცენტრი ვეღარ პასუხობს განათლების ევროპულ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ დიპლომებს ადრინდელივით აღარ ენდობიან". ეს ყველაფერი კი მმართველი პარტიის მიერ საგარეო კურსის ცვლილებამ მოიტანა. 

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ "ProActive Group Georgia" 2016 წლიდან აქტიურად ქმნის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში და ზოგადად ევროპის მასშტაბით. ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, ფორუმებს, ევროპული გამოცდილების გაზიარების პროექტებს, არაფორმალური განათლების აქტივობებს. "პროაქტივი" ასევე ეხმარება სკოლებს, უნივერსიტეტებს თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციაში.

რა გავლენა იქონია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომმა მოვლენებმა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც საქართველოში დღემდე ევროპის კავშირი და დასავლეთის სხვა ქვეყნები აფინანსებენ?

– საქართველოს განათლების სისტემის დამაზიანებელი პროცესები 28 ნოემბრამდე გაცილებით ადრე დაიწყო, რომელსაც დაემატა ქვეყანაში განვითარებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი. შედეგად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR–ის (The European Quality Assurance Register for Higher Education) რეგისტრაცია, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.

რას ნიშნავს ეს? - ვიზალიბერალიზაციამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ადრეც ვსტუმრობდით, მაგრამ გვიწევდა სავიზო პროცედურებისთვის რამდენიმე თვით ადრე მომზადება, საელჩოში რიგები, საბუთების შევსება-შეგროვება. ხანდახან სავიზო დამოწმებაც, სავიზო მოსაკრებელი და მრავალი კითხვა ჩაფრენისას საპასპორტო კონტროლზე. ანალოგიურად, თუ უცხოეთში მოინდომებთ სწავლის გაგრძელებას და ან მუშაობას, დაგჭირდებათ ძალიან ბევრი საბუთის შევსება, მომზადება, ნოტარიულად დამოწმება და ა.შ. დროში გაწელილი ბევრი პროცედურა, დამატებითი დახარჯული ფული და დრო. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ხარისხის ცენტრი ვეღარ პასუხობს განათლების ევროპულ სტანდარტებს, თქვენ მიერ წარმოდგენილ დიპლომს თუ სხვა დოკუმენტებს ადრინდელივით აღარ ენდობიან.

ის კომპლექსური დაფინანსებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა იღებდა დასავლეთისგან სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, ჯერ კიდევ ე.წ. „გამჭვირვალობის" (ე.წ რუსული კანონის) დროს შეჩერდა, ხოლო არჩევნების და 28 ნოემბრის შემდეგ ფაქტობრივად ყველა დაფინანსება გაჩერებულია (მაგ: ევროკავშირის 100 მილიონი ევრო, გერმანიის 237 მილიონი ევრო, აშშ 95 მილიონი დოლარი და სხვ.).

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც ქართულ კოშმარად მოიხსენიებენ, მათი ლიდერები სანქცირებულები ან სანქციების მოლოდინში არიან. სამწუხარო უარყოფით გავლენებზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ სჯობს ეს პროცესები მალე შევაჩეროთ.

28 ნოემბრის შემდეგ განვითარებული პროცესები როგორ აისახა უშუალოდ ProActive Group Georgia-ს საქმიანობაზე?

– ჩვენი გუნდის წევრები Erasmus+ გაცვლითი პროგრამების და სხვა ადგილობრივი პროექტების მონაწილეებთან ერთად რუსთაველზე და რეგიონებში ვაპროტესტებთ: არალეგიტიმური ხელისუფლების და მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციური ძალების მიერ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობას, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და ქაოსს ქვეყანაში. 

"პროაქტივის" გუნდი წლებია მუშაობას ევროპული განათლების შესაძლებლობების შექმნაზე ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის რეგიონებიდან.  გასულ წლებში Erasmus+ გაცვლით პროგრამებსა თუ კონფერენციებზე, სასწავლო ვიზიტებში ჩვენი დახმარებით 1000-ზე მეტმა ადამიანი მიიღო მონაწილეობა, ადგილობრივი ტრენინგ-სემინარებსა თუ არაფორმალური განათლების აქტივობებში წელიწადში 2000+ ადამიანი მაინც არის ჩართული. ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს და ხშირად მოხალისეობრივია.

ვაგრძელებთ პროაქტიურ კომუნიკაციას და გამოცდილებების გაზიარებას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. ეს რიცხვები 2025 წელს მკვეთრად შემცირდება არამარტო ჩვენი ორგანიზაციისთვის, ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებისთვისაც. ასევე 30 დეკემბერს ხელმოწერილი 25-ზე მეტი რეპრესიული კანონის მიღებას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ყოველდღიურად გვაშორებს მშვიდობას, კეთილდღეობას, დაცულ ადამიანის უფლებებს და სამართლიან სასამართლოს, დასავლური განათლების შესაძლებლობებს, რომლითაც ძირითადად ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები თუ სტუდენტები სარგებლობდნენ, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე, მოახმარონ ცოდნა და გამოცდილება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის შენებას. ამ ყოველივეს დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება - რადგან განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი თუ ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები რეჟიმმა საფრთხედ და აგენტებად გამოაცხადა, ახორციელებს მათზე რეპრესიებს, დღისით, მზისით.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს „ოცნების“ შეცვლილმა პოლიტიკურმა კურსმა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაზე?

– ცივილიზებული დასავლური სამყაროსგან დისტანცირება და "ოცნების" ანტიდასავლური კურსი გამოიწვევს ქვეყნის სრულ იზოლაციას, მათ შორის ეს შეეხება განათლების სფეროსაც. 1-3 წლის პერსპექტივაში ეს აისახება შემცირებულ გაცვლით და კვლევით პროგრამებზე ახალგაზრდების, სტუდენტების და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. ევროპული ქვეყნები მოერიდებიან ისეთი ქვეყნის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, რომლის განათლების ხარისხი  და ცენტრის დამოუკიდებელი მუშაობის კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგას.

შემცირდება უცხოელი სტუდენტების მობილობები და საერთაშორისო პროგრამები საქართველოში.

11000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა Erasmus+ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით, ასევე ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამერიკული Flex, თუ დასავლეთის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიებით, რომელთა ბენეფიციარები უმეტესად დაბალშემოსავლიანი ოჯახების წარმომადგენლები, ნაკლები შესაძლებლობის მქონე ადამიანები იყვნენ.

გაიზრდება საქართველოდან „ტვინების გადინება“ და კვალიფიციური, კომპეტენტური, ევროპული განათლების მქონე ადამიანები იძულებული გახდებიან, ქვეყანა დატოვონ, რადგან ყველა ავტოკრატიული ხელისუფლება მათ მტრებად აღიქვამს, უწყობს რეპრესიებს ან ციხეში სვამს. გაუარესდება ქვეყანაში სახელმწიფო სერვისები, საჯარო სამსახურებში და სხვადასხვა სტრუქტურებში უკვე დაწყებულია რეპრესიები ამ კუთხითაც, გაიზრდება სიღარიბე, ინფლაცია, შემცირდება განათლების, კრიტიკული აზროვნების განვითარების მხარდამჭერი პროექტები, ეტაპობრივად შეიზღუდება აკადემიური თავისუფლება, გაიზრდება კორუფცია, მათ შორის განათლების სფეროში.

ამ პირობებში როგორი პერსპექტივა გესახებათ?

– წინ დიდი გამოწვევებით და რეპრესიებით სავსე პერიოდი გველის და ეს სიტუაცია ქვეყანაში ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება, სანამ ამ ე.წ. ხელისუფლებას ექნება ძალაუფლება. ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება - აბსოლუტურად რყვნის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების, ორგანიზაციების და სექტორების კოორდინაცია, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში იყოს ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა, დაცული ადამიანის უფლება, სამართლიანი სასამართლო და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რომელიც შიშს არ თესავს საკუთარ მოქალაქეებში, პოლიცია მოქალაქეებს იცავს და კანონი ყველასთვის ერთნაირად იკითხება. ადამიანებს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეთ.

მნიშვნელოვანია მედიაში უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისმოდეს ხალხის ხმა, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც პროტესტის წინა ხაზზეა. კრიტიკულმა მედიებმა გადაცემების ფორმატების მოდიფიცირება უნდა მოახდინონ და ღამის ეთერებში დაუთმონ დრო სწორედ ასეთ კომპეტენტურ ახალ სახეებს, რათა ხელი შეუწყონ პროტესტის გაძლიერებას და უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ამ პროცესებში. ალტერნატიული საინფორმაციო პლატფორმების შექმნა და რეგიონული მედიების მხარდაჭერა, გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პარტიებმა სწრაფად უნდა მოახდინონ არსებულ სიტუაციასთან ადაპტაცია, მერიტოკრატიული დემოკრატიული მექანიზმების დანერგვა, პარტიებში კომპეტენტური ახალი სახეებს წინა პლანზე წამოწევა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, მხარდაჭერა, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება და დასავლეთთან აქტიური მუშაობა, სანქციების თუ მხარდაჭერის მექანიზმების ადვოკატირება.

პარალელურად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ჰიბრიდული საინფორმაციო ომის პირობებში დეზინფორმაციის განეიტრალებისთვის.

მოქალაქეების, მედიის, განათლების, კულტურის, სამოქალაქო და კერძო სექტორის, პოლიტიკოსების კოორდინაციით და სინერგიული მუშაობით, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო პარტნიორების გაზრდილი წნეხი, სანქციები, არის გზა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის და ახალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისთვის, რომელიც დაასრულებს ქვეყანაში ქაოსს, რათა ქვეყანამ განაგრძოს სწრაფი ტემპებით ევროპული განვითარება.

***

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის 6 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.

განმარტება ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს.

ცენტრში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და შესაბამისად, იმედოვნებენ, EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

განათლების ექსპერტების შეფასებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი შეფასება 2024 წლის აპრილში ხარისხის მართვის ევროპული ასოციაციის მიერ. ამ დროს ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.

20 იანვარს, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: "იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს, რომ 4 წლის პერსპექტივაში თვისებრივად გარდაიქმნას საუნივერსიტეტო სისტემა". 

ირაკლი კობახიძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საუბრობდა, რომ განათლების რეფორმა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა. თუმცა კონკრეტულად რა გზებით აპირებს "ოცნება" განათლების რეფორმის გატარებას, ამის შესახებ მათ არცერთ გამოსვლაში არ დაუკონკრეტებიათ.

კობახიძე ამბობდა, რომ „პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია“ და რომ „განათლების სისტემა გარე დავალებით წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო“.