თბილისი (GBC) - „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ელჩებთან დაკავშირებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე ბევრი რამ შეიცვლება", - მაჭარაშვილი ამით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ პოსტს Facebook-ზე, სადაც ის წერდა, რომ "უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ - პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად".

მაჭარაშვილის მტკიცებით, „ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ“.

„ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ელჩები არა დიპლომატის, არამედ უცხო ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებენ. სამწუხაროდ, დიპლომატიაზე საუბარი აღარც იყო. ბევრმა ელჩმა საქართველოში დიპლომატის ფუნქცია დაკარგა. ბევრი ელჩი პირველ ადამიანად გრძნობდა თავს, ხელისუფლებას პირდაპირ უთითებდა და იმის თავხედობა ჰყოფნიდა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა! გვაქვს იმედი იმისა, რომ დიპლომატია დიპლომატიას დაუბრუნდება და ელჩები დაკისრებულ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებენ, იქნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც დიპლომატიის განვითარებას, ასევე უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში. ელჩი იმიტომ იგზავნება, რომ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობები გააღრმაოს, დაალაგოს და არა იმისთვის, რომ მთავრობას უკარნახოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს. საქართველო რადიკალიზმის ასპარეზი ქვეყანა არ არის.

ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, აშშ-ს პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაინც დაუჯერონ, რომელიც ამბობს, რომ USAID-დან ფული იმაში იხარჯებოდა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ და სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოეწყოთ. ამას ვამბობდით ჩვენ! ამას ამბობდა შალვა პაპუაშვილი, რომელიც შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რომ რევოლუციებისთვის თანხების გადმორიცხვა შეწყვეტილიყო. დიახ, USAID-დან მილიარდები იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით, ერთი-ერთში დამტკიცდა!

USAID-ის მხრიდან ფული ხელისუფლების უკანონო ცვლილებებისთვის, მეორე ფრონტისთვის, კაცების ქორწინების დაკანონებისთვის იხარჯებოდა, რაშიც მათ აგენტურას იყენებდნენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ორშაბათს საკუთარ Facebook გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო დღეების მხილების შემდეგ, ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში.

პაპუაშვილი საკუთარ პოსტს თან ურთავს ფოტოს, რომელზეც ასახულია ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შენობიდან აბრის ჩამოხსნის პროცესი. ფოტოზე გაკეთებულია წარწერა - „მშვიდობით იარაღო".

„დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.

მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლად შეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკას მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახანს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად", - წერს შალვა პაპუაშვილი.