თბილისი (GBC) – საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით უერთდებიან საჯარო მოხელეთა პროტესტს და ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება უზენაესი კანონის ვალდებულებას.
ამასთან, ხელმომწერები გმობენ საპოლიციო ძალების მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.
GBC განცხადებას განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ:
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები.
იმავდროულად, ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
- გორგილაძე გოდერძი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
- დოლუაშვილი ნინო – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
- კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
- კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; - მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
მძევაშვილი მარი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; - ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
- პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
- სულხანიშვილი გიორგი – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
- ქსოვრელი ირაკლი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი;
- ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
- ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო;
ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.