თბილისი (GBC) - თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ორშაბათს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება და ჩამოერთვა ქონების ნაწილი.

პროკურატურა მიქაუტაძეს 9 სხვადასხვა ეპიზოდში ედავებოდა, რაც მოიცავდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას.

საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განმარტებით, მსჯავრდებულს ჩამოერთვა მნიშვნელოვანი აქტივები:

  • ესპანეთში მდებარე საცხოვრებელი ბინა
  • 3 ავტომანქანა
  • ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები
  • 15%-იანი წილი „ნახიდურჰესში“

მიუხედავად იმისა, რომ რომეო მიქაუტაძემ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, მან სასამართლო სხდომაზე ბრალი არ აღიარა. საბოლოო სიტყვისას მან განაცხადა, რომ მზად იყო ეღიარებინა „არარსებული დანაშაული“, რათა საქმე სწრაფად დასრულებულიყო. პროკურორის თქმით, რადგან ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია.

მსჯავრდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მან მართლმსაჯულების სისტემა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სასამართლომ მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა.

რომეო მიქაუტაძე სამართალდამცველებმა გასული წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 337-ე მუხლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით.