თბილისი (GBC) - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეასრულებს. აქამდე აღნიშნულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა.
ცვლილების შედეგად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს. შესაბამისად, ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რეგისტრაციის მიზნით სწორედ აუდიტის სამსახურს უნდა მიმართონ.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე ახორციელებს გრანტის გაცემა-მიღების მონიტორინგს და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამ დროისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ 400-მდე სუბიექტია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2024 წლის მაისში მიიღო. ის ავალდებულებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, კანონი 25 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.