თბილისი (GBC) – სოჭი–ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის საკითხი, რაზეც სოჭის პორტის ხელმძღვანელმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ ქართულ მხარესთან განხილვა მიმდინარეობს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უარყვეს.

სოჭის პორტის გენერალურმა დირექტორმა რუსულ მედიასთან სამშაბათს განაცხადა, რომ იგი სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს საქართველოსთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან აწარმოებს.

„საქართველო–რუსეთს შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც მედიაში გავრცელდა, ვაცხადებთ, რომ საქართველოს არ გააჩნია რუსულ პორტებთან სამგზავრო მიმოსვლა. გარდა ამისა, რუსულ მხარეს ამ საკითხზე საქართველოსთვის არ მოუმართავს და შესაბამისად, არ ვიცით, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, – განაცხადეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებაა, წერს ekhokavkaza.com.

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება. ამ ინიციატივას საქართველოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მოჰყვა.